სოფელ ქვემო ალვანში აგვისტოს ომის გმირს პატივი მიაგეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში აგვისტოს ომის გმირს პატივი მიაგეს.
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელში ჩავიდნენ და მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მათი განცხადებით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს გმირები, რომლებმაც სიცოცხლის ფასად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას თავი შესწირეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2008 წლის ნოემბრამდე სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა.
მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. ის წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა.