რა შეზღუდვების ამოქმედება იგეგმება უახლოეს პერიოდში
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ შეზღუდვებს ასახელებს, რომლებიც, კორონავირუსის გამო, საქართველოში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, საბჭოზე წარდგენილია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მიაჩნიათ, რომ უნდა განხორციელდეს.
,,ჩვენი მხრიდან წარდგენილია ყველა ის საჭირო რეკომენდაცია, რომელიც ვფიქრობთ, უნდა განხორციელდეს. პირველი და მთავარი რეკომენდაცია არის პირბადეების გამოყენება როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებში. ასევე, მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება მიექცეს სოციალური ღონისძიებების გამართვას, ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ქორწილები და ქელეხები, ვინაიდან, როდესაც ეპიდვითარებას ვაკვირდებით და ვსწავლობთ, „კლასტერული“ ინფიცირება ხდება სწორედ ქორწილებსა და ქელეხებში. მნიშვნელოვანია, რომ შეიზღუდოს იქ დამსწრეთა რაოდენობა, რათა ეპიდვითარება უფრო მდგრადად შენარჩუნდეს.
დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე ყოველდღიურად 4 000-მდე ინფიცირებული გვყავს. ხშირად ვამბობთ, რომ „დელტა“ შტამს გააჩნია არა თანმიმდევრული, არამედ ნახტომისებრი ზრდა. მოსახლეობა ამას უკვე აკვირდება, რომ გარკვეული 10 დღიანი პერიოდით გვაქვს ნახტომისებრი ზრდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.