ივლისის თვეში ზეთი – 48%-ით, ბოსტნეული – 35.4%-ით; შაქარი – 18.15%-ით გაძვირდა
2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.3 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.2 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6.5პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (5.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.1 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით, რაც 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.2 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ღამის გასათევით მომსახურებაზე (9.7 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (48.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (35.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (12.4პროცენტი), თევზეული (11.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.7 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.5 პროცენტით, რაც 2.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (33.2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.7 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.65 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებელზე ფაქტიური გადასახადის ქვეჯგუფზე (-3.8 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 11.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.89 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის დამოწყობილობის (19.8 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.