ახალი ამბები

„ქართულმა ოცნებამ” მერობის კანდიდატები კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში ოფიციალურად წარადგინა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები დაასახელა.

კობახიძემ მერობის კანდიდატები კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში წარადგინა.

თელავის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი იქნება ლევან ანდრიაშვილი. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად ლიეტუვაში საქართველოს ელჩის, თეა მაისურაძის მეუღლეა. ახმეტის მუნიციპალიტეტში კი მერობის კანდიდატი ალექსი ფიცხელაური იქნება. ის ახმეტაში ბიზნესით, სოფლის მეურნეობით და სამეწარმეო საქმიანობით არის დაკავებული.
ყვარლის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა გივი ზაუტაშვილი წარადგინა. ის აქამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოზიციას იკავებდა/

ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში კი მერობის კანდიდატები მოქმედი მერები იქნებიან. ლაგოდეხში ჯონდო მდივნიშვილი, ხოლო დედოფლისწყაროში ნიკოლოზ ჯანიაშვილი იყრის კენს.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, გურჯაანიის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი ზურაბ უტიაშვილი იქნება. ის პროფესიით ექიმი, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორია.

საგარეჯოში კი კენჭს ავთანდილ გულიკაშვილი იყრის. სიღნაღის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი იქნება მალხაზ ბეგიაშვილი, რომელიც მოქმედი მერის მოადგილეა.

როგორც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პრიორიტეტულია თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება. კობახიძემ აღნიშნა, რომ თვითმმართველობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ინსტიტუცია და ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის განვითარება.

„როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღება, ბუნებრივია ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ყველა ფაქტორს, რა თქმა უნდა, მერები არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და ისინი უნდა იყვნენ და არიან ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები, ეს არის ერთი კრიტერიუმი და რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რითაც ჩვენ ვიხელმძღვანელეთ. ჩვენთვის პრიორიტეტულია თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება, ადგილობრივი თვითმმართველობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ინსტიტუცია ამას ყველა კვლევა ადასტურებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს ინსტიტუტი და ხელი შევუწყოთ 63-ვე მუნიციპალიტეტის განვითარებას. ეს კანდიდატები, რომლებიც არიან წარმოდგენილნი თქვენს წინაშე დარწმუნებული ვართ, რომ უზრუნველყოფენ სათანადო მენეჯმენტს, სათანადო მართვას თითოეულ მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.