პოლონეთში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი დახმარებას ითხოვს
პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში დაკარგული დიტო ხელხელაურის ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.
ოჯახის წევრების განცხადებით, გამოძიება დაწყებულია, თუმცა მათ არ აქვთ დეტალური ინფორმაცია საქმის წარმოების შესახებ. დიტო ხელხელაურის დედის მაია ოჩიაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვარშავის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია ტბაში ახალგაზრდას გვამის პოვნის შესახებ, ოჯახს და ახლობლებს მისი ნახვის შესაძლებლობა არ მიეცათ. მისი თქმით, შესაძლებელია გვამი ამ დრომდე ნაპოვნი არ იყოს.
“ჩემი შვილი თავს არასდროს მოიკლავდა. მგონია, რომ იციან რა მოხდა და ვიღაცას ხელს აფარებენ. გვამის სანახავად არავის უშვებენ, არც კი აკარებენ. ექსპერტიზის პასუხიც ამ დრომდე არ არის, კონტაქტზეც არავინ გამოდის. არც საკონსულო გვპასუხობს. საერთოდ გამაგებინოს ვინმემ ჩემი შვილი იპოვეს თუ არა ნამდვილად “, აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას მაია ოჩიაური.
შეგახსენებთ, რომ დიტო ხელხელაურს ქალაქ ვარშავაში 12 ივნისიდან ეძებდნენ. იგი პოლონეთში 4 წელი ცხოვრობდა. ამ დროისთვის საქმეში ჩართულია ჟურნალისტების საგამოძიებო ჯგუფი.