ქორწილებისა და ქელეხების ჩატარებაზე კონტროლი გამკაცრდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ქორწილები ისედაც აკრძალულია, თუმცა ეს შეზღუდვა დაცული არ არის.
მისი თქმით, ამიტომ მიეცა რეკომენდაცია აღმასრულებელს, რომ კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდეს. რაც შეეხება კონცერტებს და ფესტივალებს, რომლებიც უკვე დაგეგმილია, გამყრელიძე პასუხობს, რომ თუ შეკრებების ჩატარება ოფიციალურად გადაწყდა, მათ მიეცემათ რეკომენდაცია, რომ დაიშვან მხოლოდ ვაქცინირებული, ან გატესტილი ადამიანები.
„ეს არის მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია და ასევე ჩვენი რეკომენდაცია, რომელზეც მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, რომ მიეცეს აღნიშნულ ღონისძიებებს შესაბამისი ლეგალური ფორმა, ყოველგვარი თავშეყრის ადგილას, სემინარზე, კონფერენციაზე, კონცერტსა თუ ა.შ. დაშვებული იყვნენ ორჯერადად აცრილი ან გატესტილი ადამიანები“, – განაცხადა გამყრელიძემ