ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე-ვაქცინაციის წახალისებისთვის შესაძლოა ლატარიები ჩატარდეს

“ვაქცინაციის გააქტიურებისთვის სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის საუბარი, მათ შორის ლატარიაზე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ბევრნაირ წამახალისებელ ღონისძიებაზეა საუბარი. იმუნიზაციის გეგმაშიც გვაქვს ეს დაწერილი და მერე რეკომენდაციებიც წარვადგინეთ საბჭოზე. ჯერ აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანებს მიეცეს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე და დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ, რომ აცრის შემდეგ თანამშრომელი ერთი ან ორი დღე სახლში დარჩეს.

NCDC-ში, მაგალითად, აცრილ ადამიანს ორ დღეს ვაძლევთ, რომ სახლში იყოს. დღეს ასევე საუბარი იყო სხვა წამახალისებელ ღონისძიებებზე – სხვადასხვა ლატარია გათამაშდეს. ორჯერადად აცრილებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდეს, რომ მათ ადვილად მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა და ა.შ.“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ზოგიერთი წამახალისებელი ღონისძიება ძალაშია შესული და ეს დამოკიდებულია დამსაქმებლებზე, რადგან საკითხი დადგენილებით არ რეგულირდება.

„ვთხოვთ დამსაქმებლებს, მეტი წახალისება მისცენ აცრილებს“, – ამბობს გამყრელიძე.