ახალი ამბები

დედოფლისწყაროში წარმოებული მზა საკვები ექსპორტზე კანადაში გავიდა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში წარმოებული მზა საკვები ,,სადილი” ექსპორტზე კანადაში გავიდა.

კომპანიამ რამდენიმე კვირის წინ კანადაში ექსპორტზე სოკოს რამდენიმე დასახელების 15 000 ქილა დაკონსერვებული „სადილი“ გაიტანა.  400-გრამიანი კონსერვების ღირებულება 4 ევრომდეა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ექსპორტის შეტანის შემდეგ კანადიდან პროდუქტზე გაორმაგებულ მოთხოვნას ელოდებიან. უახლოეს მომავალში კომპანია საწარმოს განვითარებას გეგმავს, რაც საშუალებას მისცემთ გააორმაგონ წარმოება და პროდუქტი ახალ ბაზრებზე გაიტანონ.

კომპანია დედოფლისწყაროში 2016 წელს დაარსდა და 12-მდე დასახელების “სადილს“ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.  დღემდე „ჯეონატურალსმა“ დედოფლისწყაროში საწარმოს ამოქმედებასა და განვითარებაში 3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. კომპანია დღიურად 15 000 ქილა მზა საკვებს კონსერვის სახით აწარმოებს და 45 ადამიანს ასაქმებს. ხოლო სადისტრიბუციო კომპანია „სადილი“, რომელიც კონსერვებით მთელ საქართველოს ამარაგებს, 22 სამუშაო ადგილს ქმნის. აღსანიშნია, რომ „სადილის“ პროდუქტებით ქართული ჯარიც მარაგდება.