ახალი ამბები

კახეთში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქე აკრძალულ დროს აკრძალული საშუალებით – სახლართი ბადით ახდენდა თევზჭერას.
მათივე ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, მოქალაქე აკრძალულ დროს, აკრძალული საშუალებით – ელექტროშოკური აპარატით, ჩოგან ბადითა და დენის წყაროთი (აკუმულატორით) ახდენდა თევზჭერას.
 ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან-ბადე და დენის წყარო (აკუმულატორი) აღმოაჩნდა მოქალაქეს თელავის მუნიციპალიტეტშიც, რომელიც უკანონო თევზჭერას სოფელ ნაფარეულის მიმდებარედ, მდინარე ლოპოტაზე ახდენდა. სამართალდამრღვევებს ჯამში მოპოვებული ჰქონდათ 2 კილოგრამამდე შერეული სახეობის თევზი.
ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 204 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 56 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.