რატომ უნდა გავიკეთოთ COVID-19-ის ვაქცინა- ბლოგი
პანდემიის დროს ვაქცინაცია ყველაზე აქტუალური და მთავარი თემაა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, სწორი ინფორმაციის მიღებაში, საზოგადოებას ხელს უშლიან ანტივაქსერები, რომლებიც მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდიან და როგორც საკუთარ, ასევე სხვის ჯანმრთელობას აყენებენ საფრთხის წინაშე.
ამ საკითზე გთავაზობთ ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძეს რეკომენდაციებს, რომელიც ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ანტივაქსერებს პასუხობს.
“ახლა, როდესაც მასობრივი ვაქცინაციის ფაზაში შევდივართ (შემაშფოთებლად ზანტად), კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება სტრატეგიული კომუნიკაცია, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია კოვიდ-19-ის და მის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ არსებულ კითხვებზე ამომწურავი და საზოგადოების თითოეულ ჯგუფზე მორგებული გასაგები ენით და ფორმით პასუხების გაცემა, დეზინფორმაციის და მითების გაბათილება, ჭორებისა და ფაქტებით მანიპულაციის პრევენცია-აღკვეთა. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება წლის ბოლომდე იმ რაოდენობით ჩვენი მოქალაქეების აცრა, რომ საზოგადოებრივ იმუნიტეტს და პანდემიის დასრულებას მივაღწიოთ. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ასეთი ეფექტიანი, მიზანმიმართული და თანმიმდევრული კომუნიკაცია სახელმწიფოს მხრიდან არ წარმოებს, მაშინ როდესაც კოვიდ-19 თან ერთად გააქტიურებული ანტივაქსერული მოძრაობა აგრესიულ, კარგად ორგანიზებულ და თანმიმდევრულ კამპანიას აწარმოებს კოვიდ-19 ის საფრთხის ნიველირებისა და ვაქცინების საწინააღმდეგოდ გლობალურად და საქართველოში, რომლის სოციალურ მედიაში „ვირუსულ“ გავრცელებას შეგნებულად თუ შეუგნებლად, მატერიალური დაინტერესებით თუ უანგაროდ, ხელს უწყობს საკმაოდ ბევრი, ერთი შეხედვით თითქოს რაციონალური ადამიანი და ამით რისკის ქვეშ აყენებს უამრავი ადამიანის ჯანმრთელობასა და რაც მთავარია სიცოცხლეს. აქ საუბარი არ არის ადამიანებზე, რომელთაც ლოგიკური და როგორც ახლა მოდაშია თქმა, „ლეგიტიმური“ კითხვები აქვთ ვაქცინებთან, მათ ხარისხთან, შემუშავების მოკლე ვადებთან ეფექტურობას და ეფექტიანობასთან, თუ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით. ამ კითხვებზე არსებობს ამომწურავი და დამაკმაყოფილებელი პასუხები, რომელიც ქართულენოვან სივრცეში კომპაქტურად თავმოყრილია https://provax.ge/ . დასკვნა ერთია, ვაქცინაციას არ გააჩნია ალტერნატივა და არის პანდემიის დასრულების კრიტიკული წინაპირობა, ხოლო სტრატეგიული კომუნიკაციის ამოცანა უნდა იყოს ამ ინფორმაციის პროაქტიულად და ეფექტიანად მიწოდება რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქისათვის, რომ მათ აღარ იყოყმანონ და აიცრან”,-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მთავარ კითხვაზე პასუხი თუ რატომ უნდა გავიკეთოთ ვაქცინა. COVID-19 ვაქცინა COVID-19 ვირუსით გამოწვეულ სერიოზულ გართულებებისგან დაგიცავთ. მოსახლეობისთვის ვაქცინის შეთავაზების მიზანია ხალხის დაცვა და ამ ვირუსით გამოწვეული დაავადების, სიკვდილიანობის შემცირება.
მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 გადაიტანეთ, კვლავ შეიძლება დაინფიცირდეთ. ვაქცინა კი COVID-19-ით ხელახალი დაინფიცირების რისკს შეამცირებს. თუნდაც თუ COVID-19-ით კვლავ დაინფიცირდებით, ვაქცინა თქვენი სიმპტომების სიმძიმეს შეამსუბუქებს. ვაქცინები თქვენს იმუნურ სისტემას დაავადებებისგან თავდაცვას ასწავლიან. თქვენი იმუნური სისტემისთვის ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება ორგანიზმის დაცვა ვაქცინაციის მეშვეობით, ვიდრე COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში.
ამ ეტაპზე, აცრის გაკეთების შემდეგაც კი, ჩვენ კვლავ უნდა გავაგრძელოთ სიფრთხილის ზომების მიღება საკუთარი თავისა და გარშემო მყოფი პირების დასაცავად. ეს გულისხმობს პირბადეების ტარებას, ფიზიკური დისტანციის დაცვას და ხელების რეგულარულ დაბანას.