კახეთში მცხოვრები ქალი მინდობითი აღზრდის პროგრამაში ჩართული შვილის დაბრუნებას ითხოვს
კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში მცხოვრები ქალი, მინდობითი აღზრდის პროგრამაში ჩართული 7 წლის ბავშვის დაბრუნებას ითხოვს.
არსებული ინფორმაციით, სოციალურმა სამსახურმა ოჯახიდან ბავშვი დაბადებისას გაიყვანა და მინდობით აღზრდას დაუქვემდებარა. მიმღებმა ოჯახმა, ჩვილი სამშობიაროდან გაიყვანა.
ბავშვის მიმღებ ოჯახში კვლავ დატოვების გადაწყვეტილება, თელავის რაიონულმა სასამართლომ 15 ივლისს მიიღო.
ქალის ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემის დროს, ჩვილის დედას შესაბამისი პირობები არ ჰქონდა და დღევანდელი მდგომარეობით, ბავშვის გასაზრდელად, უკვე მზად არის.
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოში განმარტავენ, რომ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, რის გამოც ფაქტის შესახებ, კომენტარი ვერ გაკეთდება.
“ეს პერსონალური ინფორმაციაა, ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ყველას აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება”- განაცხადეს სააგენტოში.
კანონის თანახმად, ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაცემის დროს, ხელშეკრულება მიმღებ ოჯახთან, ყოველწლიურად ახლდება და სოციალური სამსახურის დასკვნის საფუძველზე, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს. არსებული ინფორმაციითვე, მოცემულ შემთხვევაშიც, ხელშეკრულება ბავშვის მიმღებ ოჯახთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთი წლით გაგრძელდა.
დედასთან, რომლის შვილიც მინდობით აღზრდაში უკვე 7 წელია იმყოფება, ფსიქოლოგი მუშაობს. სპეციალისტები მუშაობენ მცირეწლოვანთანაც იმისათვის, რომ მან ბიოლოგიური დედის მიღება შეძლოს. ქალის ახლობლები კი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.