შარლ მიშელი – 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტი, რათა საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიმართ მისი მთავარი გზავნილია, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტი, რათა საქართველომ თავისი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს.
ამის შესახებ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღეს მე ვეწვიე საქართველოს, რომ დავსწრებოდი ბათუმის საერთაშორისო კონფერეციას და ასევე, შეხვედრას ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორების ლიდერებთან ანუ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პრეზიდენტებთან. ამ შემთხვევაში, მე მქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ შევხვედროდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს საპრლამენტო ოპოზიციის ლიდერებს და იმისთვის, რომ მათთან ერთად განმეხილა ის მოვლენები, რომელიც ხდებოდა საქართველოში და ასევე 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება.
ჩემი მთავარი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისადმი ის არის, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. კანონის უზენაესობის კონსოლიდირებული, განსაზღვრული წინსვლა პოლიტიკური და მართლმსაჯულების რეფორმების გზით არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს კონსულტაციების შედეგებს – ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებსა და ასევე, ადგილობრივ დაინტერესებულ ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა“, – განაცხადა მიშელმა.
საქართველოს პრემიერ – მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შარლ მიშელთან საუბარი ნაყოფიერი იყო. ღარიბაშვილის ინფორმაციით, მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს უთხრა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია და პროცესს მიჰყვება.
„ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება და პირობები სრულდება, რაც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. აქვე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდ ნაწილს შეთანხმებაზე ხელი არა აქვს მოწერილი, რაც დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციის და დამშვიდებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოში სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება – ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც ჩვენ პრეზიდენტ მიშელს გავუზიარეთ. ამაზე აბსოლუტურად სრული თანხვედრა გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.