ახალი ამბები

თელავის ტექნოპარკში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა

თელავის ტექნოპარკში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის მონაწილე სკოლების, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და საორგანიზაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

პირველ ეტაპზე ჩართული 25 სკოლიდან, პროექტში მონაწილეობას იღებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის 3 საჯარო სკოლა, სადაც მოსწავლეები სწავლობენ პროგრამირების საწყისებს. ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა მოისმინეს მარიამ სუმბაძის ლექცია თემაზე: „მომავლის პროფესიები” და დავით კიზირიას ლექცია თემაზე: „მე-4 ინდუსტრიული რევოლუცია და როგორ იცვლება ჩვენი სამყარო ტექნოლოგიებთან ერთად”. მონაწილეები ასევე შეხვდნენ დიდი ტექნოლოგიური გამოცდილების მქონე ადგილობრივ კომპანიას “Egeekowl”-ის წარმომადგენელს ცისია აივაზაშვილს.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით 6 თვეა დაიწყო პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“. პროექტის მიმდინარეობისას, მომდევნო 3 წლის განმავლობაში შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონებში, სულ 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

პირველ ეტაპზე ჩართული 25 სკოლიდან, თელავის 3 სკოლაა, სადაც მოსწავლეები პროგრამირების საწყისებს სწავლობენ. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონალური შეჯიბრებები, სადაც თელავის სახელით აღნიშნული სკოლები მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით.