ახალი ამბები

ქვემო ხოდაშენის მოსახლეობა ნაგვის ურნების დროულად დაცლას ითხოვს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენის მოსახლეობა ნაგვის ურნების დროულად დაცლას ითხოვს.

ადგილობრივების განცხადებით, გატანა ყოვნდება იმის გამო რომ ნაგვის ურნები ცოტაა და მალე ივსება. მათივე განმარტებით, სოფლიდან ნაგვის ერთხელ გატანა არასაკმარისია.

,,ეს პრობლემა დიდი ხანია გვაქვს. ნაგვის ურნა სულ გადავსებულია. ახლაც სავსეა, მოსახლეობა ყველაფერს შიგ ყრის და რომ აღარ ეტევა ნარჩენები, ხშირად, გზაზეა ხოლმე გადმოსული ნაგავი. ორჯერ მაინც უნდა ხდებოდეს ნაგვის გატანა, ზაფხულია ცხელა და სუნიც დგება”,- განუცხადეს knews.ge-ს სოფელ ქვემო ხოდაშენში მცხოვრებლებმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სოფლებიდან ნაგავი დღეში ერთხელ გადის და არსად მსგავსი პრობლემა არ არის.

,,ნაგვის მანქანა ახლაც გასულია და იმყოფება სოფელ წინანდალში. განსაზღვრული მეთოდით ხდება ნაგვის გატანა. ქალაქ თელავიდან დაუყვება მანქანა სოფლებს ერთ მხარეს სოფელ აკურამდე, ისე გამოაქვს ნაგავი. შემდეგ კი ხდება მეორე მხარეზე სოფლებიდან და უბნებიდან ნაგვის გამოტანა. რაც შეეხება სოფელ ქვემო ხოდაშენს, იქ ნაგვის გატანის პრობლემა არასოდეს ყოფილა. შესაძლოა კონკრეტულ უბანში ვინმე კერძო პირს აქვს ბევრი ნარჩენები და ის ავსებს ურნას.

რაც შეეხება დღეს, ნახევარი სოფლებიდან უკვე გამოტანილია ნაგავი, ნახევრიდანაც გამოვიტანთ. ორჯერ ერთი სოფლიდან ნაგვის გატანა შეუძლებელია”,- განუცხადა Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პეტრე ჯავახიშვილმა.