ახალი ამბები

კახეთში უკანონო თევზჭერის სამი ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების – სანავარდოსა და შილდას მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები თევზის დასაჭერად, ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატებს, ჩოგან ბადეებსა და აკუმულატორებს იყენებდნენ, რაც კანონით აკრძალულია.

მათივე თქმით, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქე აკრძალულ დროს, აკრძალული საშუალებით, კერძოდ კი თევზმახით ახდენდა უკანონო თევზჭერას.
ვინაიდან სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულს ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 204 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 56 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.