ახალი ამბები

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა. ადგილი აქვს ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც.

ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზში მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მათი გაღიზიანება პარლამენტის შენობაში შესასვლელად რამდენიმე ჟურნალისტისთვის საშვის დაშვებაზე უარის თქმამ გამოიწვია.

ამ წუთებში ოპოზიციონერი დეპუტატები მოქალაქეებსა და სხდომათა დარბაზში შეკრებილ დეპუტატებს საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართავენ.

დარბაზში სიტუაციის განმუხტვას მანდატურის სამსახური ცდილობს.

„ამ დანაშაულის თანამონაწილე ხართ, გადააყენეთ ღარიბაშვილი, გომელაური და შემდეგ შევძლებთ, რომ გავაგრძელოთ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, ჩავატაროთ ვადამდელი არჩევნები და ავირჩიოთ მთავრობა, რომელიც კი არ ძალადობს ხალხზე, იცავს კონსტუტიციას და ხალხს“, – მიმართა საპარლამენტო ტრიბუნიდან მოქალაქეებსა და დეპუტატებს „ნაციოანლური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ხმაური იყო. ჟურნალისტები – ვახო სანაია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ნინო ჯანგირაშვილი პარლამენტში შესვლას ითხოვდნენ, რის უფლებასაც მათ პარლამენტთან მყოფი დაცვის სამსახურის წარმომადგენლები არ აძლევდნენ.

რამდენიმე წუთის წინ მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ, მათ შორის არიან ვატო წერეთელი და ვახო სანაია. მათთან ერთად იმყოფებიან ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატებიც.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეჭრილმა ოპოზიციამ სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა. რამდენიმე წუთის წინ მათ თავმჯდომარის ტრიბუნიდან საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს. სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და რიგ შემთხვევაში ფიზიკური დაპირისპირებაა. პარლამენტში რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. დარბაზში სწორედ სხდომა უნდა გამართულიყო.