ახალი ამბები

ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის ბრალი წარუდგინეს კიდევ 5 ადამიანს

საქართველოს პროკურატურის ცნობით, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალი წარედგიბნათ: ც.ჩ-ს, ბ.მ-ს, თ.გ-ს, ო.გ-ს, მ.დ-ს და „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს – ა.ა.-ს, გ.ე.-ს და გ.ო.-ს.
ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
პროკურატურის ცნობით, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი უკვე 16 პირს წარედგინა.
“მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა. თქვენი ქმედებები უაღრესად საფრთხის შემქმნელია და უაღრესად მაღალი რისკი არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს.” -განაცხადა მოსამართლემ.
ამ ეტაპზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 35 პირი, მათ შორის 29 ჟურნალისტი და ოპერატორი.