ახალი ამბები

ვახტანგ გომელაურმა გურჯაანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ გურჯაანში პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა.

ვახტანგ გომელაურმა შენობა მოადგილეებთან შალვა ბედოიძესთან, გიორგი ბუთხუზთან, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან – გიორგი ალადაშვილთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

ახალ შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო, 100-ზე მეტ თანამშრომელზეა გათვლილი. მასში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები. ასევე სპორტული დარბაზი თანამშრომლებისთვის. აღსანიშნავია, რომ გურჯაანის პოლიციის სამმართველოს გარდა, ერთ სივრცეში სამინისტროს რამდენიმე დანაყოფი იქნება განთავსებული, კერძოდ: საექპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური, დაცვის პოლიცია და დროებითი მოთავსების იზოლატორი.

შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, 2020 წელს 16 ახალი შენობა აშენდა. მიმდინარე წელს იგეგმება პოლიციის კიდევ რამდენიმე ახალი განყოფილების გახსნა.