კახეთის ექვს მუნიციპალიტეტში კლასიკური მუსიკის კონცერტები ჩატარდება
„კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით, საქართველოს მასშტაბით იწყებს პროექტს „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“.
პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში კონცერტები ჩატარდება. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ეტაპობრივად, პანდემიის რეგულაციების სრული დაცვით, შესთავაზოს შემეცნებითი ლექცია-კონცერტები და გააცნოს კლასიკური მუსიკის სამყარო ახალგაზრდებს და მოზარდთა იმ კონტინგენტს, რომელსაც ადრე შეხება არ ჰქონია კლასიკურ მუსიკასთან. ამ ეტაპზე დაგეგმილია კონცერტი-საუბრების ჩატარება სამეგრელოში, გურიასა და კახეთში, ჯამში ჩატარდება 23 კონცერტი.
,,პროექტი სტარტს აიღებს 11 ივლისს ზუგდიდსა და ხობში. 20 ივლისიდან კი გადაინაცვლებს კახეთის რეგიონში, კერძოდ კი საგარეჯოსა და დედოფლისწყაროში, 21 ივლისს სიღნაღი და ლაგოდეხი, ხოლო 22 ივლისს ახმეტა უმასპინძლებს მუსიკოსებს.
კონცერტების მსვლელობისას თავად მუსიკოს-შემსრულებლები საინტერესო ფორმით მოუთხრობენ ბავშვებს მუსიკაზე, მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე, ეპოქაზე, ნაწარმოებებსა თუ ინსტრუმენტებზე. აღნიშნულ ღონისძიებებს ინტერაქტიული, შემეცნებით-გასართობი ფორმა ექნება.
პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის კლასიკური მუსიკის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კლასიკური მუსიკით ახალგაზრდა თაობის დაინტერესება და მოსმენის კულტურის განვითარება.
პროექტში მონაწილეობენ: თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, სიმებიანი კვარტეტი „იბერი“ და თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით. მონაწილე მუსიკოსები შერჩეულნი არიან არა მხოლოდ მათი პროფესიული ნიშნით, არამედ იმ გამოცდილებითაც, რაც მათ უკვე გააჩნიათ ბავშვებთან ურთიერთობაში.
პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება შემოდგომაზე, ჯერ გურჯაანის რაიონში (კაჭრეთი, ველისციხე, ნატო ვაჩნაძის სახელობის სახლ-მუზეუმი და იოსებ ნონეშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი), შემდეგ კი თბილისის სხვადასხვა უბანში იგეგმება”,- აცხადებენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.