პოლიციამ აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავა
პანკისის ხეობის მკვიდრი, სპეცრაზმის მიერ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავეს.
ის პოლიციამ 6 ივლისს ღამით, თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, სოლიდარობის აქციაზე დააკავა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და ადვოკატი ადასტურებენ.
მაჩალიკაშვილის ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.
“ის დააკავეს წუხელ, მათთან ერთად ვინც პოლიციას გაჰყავდა აქციიდან. ჯერ-ჯერიბით საქმის მასალები არ გადმოგვცემია და შესაბამისად, არ ვიცით ზუსტად რას ედავებიან. იდგა სოლიდარობის აქციის მხარეს. მეორე მხრიდან აქეთ აგინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. თავად ამბობს, რომ კანონი არ დაურღვევია”- განაცხადა ჩუთლაშვილმა.
ცნობისათვის, 5 ივლისს, პრაიდის მოწინააღმდეგე ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, პარლამენტის წინ გაშლილი მალხაზ მაჩალიკაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის მამის საპროტესტო კარვები აშალეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.