ახალი ამბები

ძლიერმა ქარმა ყვარლის და საგარეჯოს სოფლებში 50-ზე მეტ სახლს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ყვარლის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები დააზარალა.

სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები ახალსოფელი, ჩანტლისყურე, მთისძირი და ჭიკაანი მნიშვნელოვნად დააზარალა.

წინასწარი ინფორმაციით, ქარმა 50-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ღამის განმავლობაში მოგლეჯილი ხეებისგან ჩახერგილი გზების გაწმენდა მიმდინარეობდა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც. მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიით დაზარალებულ სოფლებში დილიდან უკვე მუშაობს.

სტიქიამ ასევე დააზარალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, სადაც უხვმა ნალექმა შიდა საუბნო გზები ჩახერგა.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ზიანი საკმაოდ დიდია და სახურავების გადახურვის საკითხს ცენტრალურ ხელისუფლებასთან დააყენებს. მანამდე კი მოსახლეობას დროებითი გადახურვის ტენტებით უზრუნველყოფენ.