წელს რთველის სუბსიდირება მოხდება
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, წელს რთველის სუბსიდირება იგეგმება.
მისი თქმით, დამატებითი დეტალები ამ საკითხზე ცნობილი მოგვიანებით გახდება.
„შემიძლია ახლავე გითხრათ, რომ წელს სუბსიდირება იქნება, ეს გათვალისწინებულია ბიუჯეტში, მათ შორის ღვინის ნაწილში. დეტალებს მოგვიანებით გეტყვით. იქნება პირდაპირი სუბსიდირებაც და არაპირდაპირიც. გარკვეულ გეოგრაფიულ არეალებში არის ჩავარდნა და იქ სახელმწიფოს მოუწევს შესყიდვა, თუმცა ბევრი სამუშაოა ჩატარებული იმისთვის, რომ დარგი კიდევ უფრო გაჯანსაღდეს, მიკვლევადობა გაუმჯობესდეს. მიმდინარეობს სრული ელექტრონული პასპორტიზაცია და კადასტრის პროგრამა. ქვეყანაში სამრეწველოდ გადამუშავებული ყურძენი კონკრეტული ვაზის დონემდე იქნება მიკვლევადი. ეს აუცილებელი პირობაა, რაც არ უნდა რთული იყოს. ამ სამუშაოებს ვატარებთ მთელი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრი ირწმუნება, რომ რთველისთვის დაგეგმილია ახალი მოწყობილობების შეძენა, თუმცა წელს მთელ ქვეყანაში მისი განთავსება ვერ მოესწრება, ამიტომ საპილოტედ, ერთ-ერთი რეგიონი იქნება არჩეული და პროექტიც იქ განხორციელდება. საუბარია შაქრიანობის მზომავი დანადგარების შეძენაზე, რომელიც ყურძნის ტექნიკურ პარამეტრებს გაზომავს.
„დარწმუნებული ვართ, რომ 2022 წელს მაღალი სტანდარტების რთველი ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ წელს ალკოჰოლურ სასმელებზე ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა, ეს არ აკომპენსირებს მათ შორის წინა წლებში დაგროვილ პრობლემებს. არსებობს მარაგები როგორც კერძო სექტორში, ასევე სახელწმიფო სექტორში. ამიტომ ინტერვენცია სახელმწიფოს მოუწევს, თუმცა ეს უნდა იყოს მილევადი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

