გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან უქმდება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა დღეს უქმდება.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, შეზღუდვა დღეს 23:00 საათიდან აღარ იმოქმედებს.
როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, ნებისმიერი შეზღუდვა და რეგულაცია განპირობებულია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით.
„პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი რამ – 30 ივნისს, საღამოს 11:00 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. 30 ივნისის საღამოს 23 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განვითარდება ისე, რომ ჩვენ მომავალში არანაირი შეზღუდვების დაწესება არ დაგვჭირდება, თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა და რეგულაცია განპირობებულია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით და დაფუძნებულია იმ ინფორმაციის ანალიზზე, რომელიც ჩვენთან ყოველდღიურად შემოდის“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.