კახეთის სამ მუნიციპალიტეტში საზაფხულო ბაღები ამუშავდება
კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი ლაგოდეხში, გურჯაანსა და თელავში საზაფხულო ბაღები ამუშავდება.
სამივე მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღების გაერთიანებამ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღეო. არსებული ინფორმაციით, გურჯაანსა და თელავში ორ-ორი, ხოლო ლაგოდეხში სამი საზაფხულო ბაღი იმუშავებს.
თელავის ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ია ლუარსაბიშვილი განმარტავს, რომ თანხები პედაგოგების ანაზღაურებისათვის უკვე გამოყოფილია.
“ბიუჯეტის დაგეგმვის დროს თანხები პედაგოგების ანაზღაურებისა და ბავშვების კვებისათვის უკვე გათვალისწინებულია. ბავშვის მიყვანა შეუძლია ყველა დასაქმებულ მშობელს, რომელიც შესაბამისი განცხადებით მოგვმართავს. ორი ბაღი იმუშავებს ქალაქის ისეთ მხარეებში, რომლებიც ტერიტორიულად ყველასთვის ხელმისაწვდომია “- განაცხადა ლუარსაბიშვილმა. სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 9 ივლისს მთავრდება. საზაფხულო ბაღებით სარგებლობას აღსაზრდელები და მშობლები, ერთი თვის განმავლობაში, 12 ივლისიდან 15 აგვისტომდე შეძლებენ.