ახალი ამბები

ივლისში საქართველოში 4 დასახელების ვაქცინა შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის პირველის მოადგილის განცხადებით ივლისში საქართველოში 4 დასახელების ვაქცინა შემოვა, სულ მილიონი დოზა. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საუბარია „სინოფარმის“, „სინოვაკის“, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებზე.

„ვაქცინაციის პროგრამა არსებული დოზებით გრძელდება. ძირითადად, მეორე დოზები ტარდება დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, თუმცა ივლისიდან ველოდებით დამატებითი დოზებს შემოტანას ქვეყანაში. რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ვაქცინაციის პროგრამა ძალიან სწრაფად გაიშალოს.

აქ იქნება ოთხივე სახის ვაქცინა სხვადასხვა რაოდენობით – „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“. ჯამში, ეს იქნება მილიონი დოზა.წინასწარ ჯავშანს ვერ გავაკეთებთ, რადგან როგორც ხედავთ, ლოგისტიკურ რისკებთან არის დაკავშირებული და ეს ასტრაზენეკასთან“ მიმართებით ძალიან მწვავედ გამოიკვეთა.

რეგისტრაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც აეროპორტში და ჩვენს საწყობში იქნება ეს ვაქცინები. ლოგისტიკის ნაწილში ჩართულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მიმღები კლინიკა ანუ რომელიც აწარმოებს ვაქცინაციის პროცესს, ასევე საზოგადოებივი ჯანდაცვის ცენტრები“, -განაცხადა გაბუნიამ