კახეთში ვაზის დაავადება ,,ჭრაქი” გავრცელდა
კახეთის რეგიონში ვაზის დაავადება ,,ჭრაქი” გავრცელდა. ვენახებში დაავადების გაჩენას, განსაკუთრებით, ყვარლის მუნიციპალიტეტში უჩივიან.
ადგილობრივები თვლიან, რომ ამის მიზეზი, უხარისხო ან ვადაგასული პესტიციდებია, რომლებსაც ისინი ვაზის შესაწამლად იყენებენ.
“ჭრაქი გაჩნდა, რომელიც ძალიან აზიანებს ვენახებს. ვფიქრობ, რომ უხარისხო პესტიციდების ბრალია, რადგან დაავადება შეწამლის შემდეგ გაუჩნდა. არავისთვის არ მიგვიმართავს, ვაზს რაღას ვუშველით”,- აცხადებენ ადგილობრივები.
სოფლის მეურნეობის სამმართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსის, ვასილ გერმანიშვილის განმარტებით, მოსახლეობას ჯერჯერობით მათთვის არ მიუმართავს.
“ჩვენ გვქონდა ვაზის ვირუსული დაავადების ფაქტები საგარეჯოსა და გურჯაანში, რომელიც ლაბორატორიული ანალიზით დავადგინეთ. ახლა არავის მიუმართავს, თუმცა ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით. სადაც ვაზი სუსტი იყო, იქ მოერია დაავადება, სადაც მკურნალობა დროზე ჩატარდა, ვენახს პრობლემა არ აქვს. სურსათის უვნებლობის სამსახურიც ამიტომ ატარებს გასვლებს, რომ უხარისხო ან ვადაგასული პესტიციდების რეალიზაცია არ მოხდეს. თუ ვენახებს შესწავლა დასჭირდება, ლაბორატორიულად გამოვიკვლევთ”,- განაცხადა გერმანიშვილმა.
გასულ კვირას სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთში პესტიციდების 52 მაღაზია დააჯარიმა. მათ შორის იყო ვადაგასული პესტიციდების და შხამ- ქიმიკატებით უნებართვოდ რეალიზაციის ფაქტებიც.