კახეთში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს, არასრულწლოვანის გაუპატიურებას ედავებიან
კახეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს, არასრულწლოვანის გაუპატიურებას ედავებიან.
არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი, რომელსაც 8 წლის ბიჭთან ძალადობრივი სქესობრივი კავშირი ედება ბრალად, ინკლუზიურ განათლებაშია ჩართული.
გამოძიების მტკიცებით, შემთხვევა მაისის ბოლოს, დაზარალებულის სახლში მოხდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მოზარდისათვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე შეცვალა და 9 ივნისს, ის დააპატიმრეს.
ბრალდებულის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჭირდება.
ინკლუზიური განათლების ექსპერტი, პედიატრი ნინო პაატაშვილი განმარტავს, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, უპირობოდ ფსიქიკური პრობლემების ქონას არ ნიშნავს.
არასრულწლოვნების საქმეში სოციალური მუშაკები არიან ჩართული. სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი კახეთში, დალი მოსიაშვილი განმარტავს, რომ სოციალური მუშაკი თვალს ადევნებდა, რამდენად იყო დაცული არასრულწლოვანთა უფლებები.
“ჩვენ თვალს ვადევნებდით, თუ რამდენად იყო დაცული არასრულწლოვნების უფლებები გამოძიების პროცესში. ერთი ინკლუზიურ განათლებაში ჩართული პირია, მეორე კი საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც მოვლენებს ადექვატურად აღიქვამს. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა გამოიტანოს,”- განმარტავს მოსიაშვილი.
არასრულწლოვნებს შორის მომხდარ სავარაუდო ფაქტზე, ინფორმაციას ფლობენ მუნიციპალიტეტის რესურსცენტრში, თუმცა კომენტარის გაკეთებაზე, უარს ამბობენ. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კანონმდებლობა, ექვსთვიან ვადას ითვალისწინებს.