ახალი ამბები

სიღნაღის სასამართლომ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის ჩადენილი მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ბ.ა. დამნაშავედ ცნო.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 2 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა ბ.ა-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, ნ.გ-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად ნ.გ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბ.ა. 2020 წლის 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.