სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
ადგილობრივების თქმით, სეტყვამ, რომელიც თხუთმეტ წუთზე მეტ ხანს გაგრძელდა, საკარმიდამო ნაკვეთები და შიდა საუბნო გზები დააზიანა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მადონა ბატიაშვილის განმარტებით, ყველაზე მეტად სოფელი ზემო მაჩხაანი დაზარალდა.
“ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო. საკარმიდამო ნაკვეთები დაზიანებულია. ღამით შეუძლებელი იყო, ამიტომ დილიდან უკვე მიდის შესწავლა, თუ რა ზიანი მიადგა სოფლის გარეთ არსებულ ვენახებსა და ნაკვეთებს. დიდი ნალექისგან შიდა საუბნო გზები მცირედით დაზიანდა, რადგან ქუჩებში ნიაღვარი მოდიოდა. ამ ზიანის გამოსწორება ჩვენი ტექნიკით მიმდინარეობს”– განაცხადა ბატიაშვილმა.