ვენახის საკადასტრო ამონაწერის გარეშე, ღვინის საწარმოები ფერმერებისგან ყურძენს აღარ ჩაიბარებენ
2021 წლის რთველზე საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვეღარ ჩააბარებს.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება.
ამ ეტაპისთვის პროცესი ხუთ მუნიციპალიტეტში უკვე მიმდინარეობს. ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში, აეროგადაღებები დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში ხდება, პროცესის დასრულების შემდეგ, ივნისიდან რეგისტრაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც დაიწყება.
ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში სწორედ წელს იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. მსგავსი კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაა განვითარებული.