ახალი ამბები

თელავის პოლიციასთან ბოლნისიდან გატაცებული გოგონას მშობლები იმყოფებოდნენ

თელავის პოლიციასთან ხმაურია. ადგილზე ბოლნისი მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურიდან გატაცებული არასრულწლოვნის ოჯახის წევრები არიან შეკრებილი.

მათი ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი სკოლაში მიდიოდა, რა დროსაც გზიდან გაიტაცეს.

“ჩვენი შვილი ბიჭს არ იცნობდა, მხოლოდ ერთხელ ინტერნეტით ჰქონდათ კავშირი, რის შემდეგაც ჩემს შვილს მისი ხმა აღარ გაუგია. მე სამუშაოდ ვიყავი და იქ დამირეკა ჩემმა შვილმა, დედა მომიტაცესო და გათიშა. მერე გავიგეთ. რომ ბიჭი ყარაჯლადან არის. მეორე დღეა პოლიციას ვეხვეწებით და არავინ არაფერს ამბობს. მინდა ვნახო ჩემი შვილი”, – ამბობს არასრულწლოვანი გოგოს დედა.

განსხვავებული ვერსია აქვს ბიჭის ოჯახს, ისინი თელავის პოლიციასთან გოგოს ოჯახთან შესათანხმებლად მივიდნენ და განაცხადეს, რომ გოგოს და ბიჭს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ და ერთმანეთსაც იცნობდნენ, რასაც მხარეებს შორის სიტყვიერი უთანხმოება მოჰყვა.

საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებმა, 21 წლის ახალგაზრდამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 15 წლის გოგონა მოიტაცა. ახალგაზრდების ადგილსამყოფელი,ამ დრომდე უცნობია.