სახალხო დამცველის აპარატი- ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტები გამოიკვეთა
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ მდგომარეობას ეხება, სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტები გამოიკვეთა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, აპარატი აგრძელებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას.
,,სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირების და გარემოებების, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. საკითხის დაზუსტების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
სახალხო დამცველის მიერ აღნიშნული ფაქტების გასაჯაროვებამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ფაქტს გამოეხმაურნენ მაღალჩინოსნები და აღნიშნული საკითხის დეტალურად შესწავლის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარეობს ბავშვებთან მუშაობა იმისთვის, რომ მათი საჭიროებები შეფასდეს და შესაბამისი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უწყება მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და ბავშვებს ფსიქოლოგებიც დაეხმარონ.
„ამ საკითხით დაკავებულია სსიპ “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო”. გუშინ, მიიღეს გადაწყვეტილება ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 6 ბავშვის გადმოყვანის შესახებ, მიმდინარეობს სხვა ბავშვებთან მუშაობა იმისთვის, რომ მათი საჭიროებები შეფასდეს და გადაწყვეტილება იყოს მიღებული.
რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ხანია ამ თემაზე აქვს გარკვეული სქემაც და მუშაობაც მიმდინარეობდა იმისთვის, რომ გარკვეულ მარეგულირებელ ჩარჩოში მოქცეულიყო მსგავსი პანსიონატის საქმიანობა. დღეს იქ რეგულირების სააგენტოც მუშაობს, მსგავსი სირთულეები ძალიან საყურადღებოა და როგორც პრევენციულად, ასევე ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირების კუთხით, ჯანდაცვის სამინისტროც და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და ბავშვების ინტერესები, რომლებიც ამჟამად იქ იმყოფებიან, ფსიქოლოგების და სხვა უწყების დახმარებით მოგვარდეს. ჩვენი მიმართულება და სტრატეგიული ხედვა არის მიმართული იმისკენ, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განვითარდეს მისთვის მაქსიმალურად კომფორტულ და კეთილგანწყობილ გარემოში“,- განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, სსიპ “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო” ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დაწესებულების დატოვების სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა გამოთქვა, მიმდინარეობს 10 ბავშვის გაყვანისთვის საჭირო პროცედურებიც.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააგენტომ უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა. მათივე განმარტებით, იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სალიცენზიო პირობებს ამოწმებს ასევე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ლიცენზია 2015 წლის აპრილში გასცა.
„სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შესაბამისად, დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სააღმზრდელო პროგრამა, ჰყავდეს შესაბამისი რაოდენობის და კვალიფიკაციის პერსონალი, ინფრასტრუქტურა, აღსაზრდელებს უნდა შესთავაზონ შესაბამისი კვებითი რაციონი, და ა.შ. კანონის თანახმად, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა უვადოდ და აღნიშნულ დაწესებულებას არასდროს ჰქონია შეჩერებული/შეწყვეტილი სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია.
სააღმზრდელო დაწესებულებებს, კანონმდებლობით ევალებათ, საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, ყოველწლიური ანგარიშგების წარმოდგენა. ნინოწმინდის დაწესებულებას, ანგარიშგების შევსებული ფორმა წარმოდგენილი აქვს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
დაწესებულების მიერ 2017-2018 წლებში არ მოხდა ანგარიშგების წარმოდგენა, რის გამოც რეგულირების სააგენტომ, როგორც 2017 ისე 2018 წლებში განახორციელა ადგილზე ვიზიტი, სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების გადამოწმების მიზნით.
შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორივე შემთხვევაში, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს.
რეგულირების სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სერვისის მიმწოდებლების შერჩევითი კონტროლი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინფორმაცია მომსახურების მიწოდების პირობების გაუარესებთან დაკავშირებით.
აქვე აღვნიშნავთ, რომ რეგულირების სააგენტოს მანდატი შემოიფარგლება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. ბავშვთა 24 საათიან დაწესებულებებში, მათ შორის ნინოწმინდის დაწესებულებაში, აღსაზრდელების კანონიერი წარმომადგენელი არის სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს სააღმზრდელო დაწესებულებებში ჩარიცხული ბენეფიციარების უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის შესაძლო ძალადობის ფაქტებზე რეაგირების კუთხით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ფაქტს ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროც. უწყება მიმართავს აღნიშნული პანსიონატის თემით დაინტერესებულ ყველა მედიასაშუალებას, რომელიც შესაძლოა, ფლობდეს გამოძიებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს გამოძიების სწრაფად და ობიექტურად წარმართვას. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია რამდენიმე არასრულწლოვანი.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. საპროცესო ღონისძიებებში არასრულწლოვანთა მონაწილეობა ხდება კანონმდებლობის სრული დაცვით და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
გამოძიების პროცესში ჩართული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები. უკვე გამოკითხულია რამდენიმე არასრულწლოვანი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა.
შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს აღნიშნული პანსიონატის თემით დაინტერესებულ ყველა მედიასაშუალებას, რომელიც შესაძლოა ფლობდეს გამოძიებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს გამოძიების სწრაფად და ობიექტურად წარმართვას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნინოწმინდაში მდებარე ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ, საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, პერიოდულად აცნობებს საზოგადოებას“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.