ახალი ამბები

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თელავში საზოგადოებას საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ საზოგადოებას გასული წლის ანგარიში წარუდგინეს და 2021 წელს მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს.

შეხვედრას თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები და მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსები დაესწრნენ.

,,გასული წლის ანგარიში, წესების სრული დაცვით, რამდენიმე თვის წინ განვათავსეთ მერიის ოფიციალურ გვერდზე. თუმცა პანდემიიდან გამომდინარე ერთწლიანი მუშაობის ანგარიში ფართო საზოგადოებისთვის პირადად არ წარმიდგენია, დღეს არაჩვეულიბრივი შესაძლობელობა გვქონდა. შეკრებულ საზოგადოებას, ვფიქრობ, ამომწურავად მივაწოდეთ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის მაგალითად, მუნიციპალური ტრანსპორტი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგების კუთხით განხორციელებული სამუშაოები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ეზოების კეთილმოწყობის მასშტაბური პროექტი და ა.შ.” – აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

ღონისძიების ორგანიზატორის, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) თელავის ოფისის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ შარვაშიძეს თქმით, შეხვედრაზე, ერთობლივ ფორმატში საუბარი იყო კახეთში და კერძოდ თელავში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ, გარემოსდაცვით პროექტებზე და აქტივობებზე. საუბარი ასევე შეეხო პანდემიას, ვაქცინაციის პროცესს და სხვა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე უპასუხეს მოქალქეების კითხვებს.

,,EECMD-ის ორგანიზებით გაიმართა, კახეთის გუბერნატორის, თელავის მერის და საკრებულოს თავჯდომარის ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის წარდგენა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობას წარუდგინეს გასული წლის საქმიანობის ანგარიში და ისაუბრეს მიმდინარე პროექტებზე. ასევე უპასუხეს მოქალაქეების კითხვებს. აღნიშნული ფორმატის შეხვედრები თელავის დემოკარტიის სკოლაში უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ჩვენი აზრით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციას, ზრდის ჩართულობას და ანგარიშვალდებულებას. EECMD მსგავსი ფორმატის ფარგლებში ცდილობს ხელი შეუწყოს როგორც არჩეული თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების ზრდას, ისე მოქლაქეთა ჩართულობას”,- განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.