კახეთში მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
კახეთში მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, რეგიონში, მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი იმყოფებოდნენ.
კახეთის რეგიონში „სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის“ მოქმედ სერვისცენტრებში მოსავლის აღების მოსამზადებელი სამუშაოების გაცნობის შემდეგ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლის რწმუნებულებთან და ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.
„მარცვლოვანი კულტურების მოსავლის ასაღებად „სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის“ 90 ერთეული კომბაინია მობილიზებული. წელს, ჩვენი ფერმერები კარგ მოსავალს ელოდებიან. ვფიქრობ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, შევძლებთ ორგანიზებულად ვმართოთ პროცესი. მოვუწოდებ ფერმერებს, დროულად გააკეთონ მოსავლის ამღები ტექნიკის მომსახურებაზე განაცხადი, გააფორმონ ხელშეკრულება, რათა ოპერატიულად მიიღონ მომსახურება“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, მარცვლეული კულტურების მოსავლის შეუფერხებლად ასაღებად, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ფერმერებმა ორგანიზებულად შეძლონ მოსავლის აღება და დაბინავება“, – აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა დედოფლისწყაროში გამართულ შეხვედრაზე.
ქერისა და ხორბლის მოსავლის აღება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება. „სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის“ 90 ერთეული კომბაინის გარდა, მოსავლის აღების პროცესში კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც ჩაერთვება. მოსავლის აღების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.