სოფელ საქობოს საძოვრების გასხვისების თავიდან ასაცილებლად ადგილობრივი მოსახლეობა კოოპერატივს შექმნის
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საძოვრების გასხვისების თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა ადგილობრივმა მოსახლეობამ კოოპერატივი შექმნას.
მოსახლეობამ პოზიცია სადაო საძოვრების თაობაზე, კახეთის გუბერნატორთან შეხვედრაზე დააფიქსირა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ თუ საძოვრებს სხვა პირები დაეპატრონებიან, სოფლებს შიმშილობა ემუქრებათ.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, შევქმნათ კოოპერატივი და ეს ტერიტორია, გარკვეული ვადით გადაეცეს მას. გადასახადი ბუნებრივია, იქნება და ამაზე ყველა თანახმაა. ის, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონი აღარ შედგა, ვფიქრობ, ჩვენი პროტესტის დამსახურებაა. მზად გვაქვს ერთობლივი წერილიც, რომელსაც გავაგზავნით. პარალელურად, ვიმუშავებთ, რომ მიწას კვლავ საძოვრის სტატუსი დაუბრუნდეს”-განაცხადა ერთ- ერთმა ადგილობრივმა, ელგუჯა სიფრაშვილმა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი განმარტავს, კომპეტენციის ფარგლებში, საკითხის მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყვეტაში ჩაერთვება.
205 901 კვადრატული მიწის ფართობი, რომელსაც საჯარო რეესტრმა საძოვრის სტატუსი მარტის თვეში შეუცვალა, ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე, აპრილში გამოიტანა.
საქობოსა და მაშნაარის მოსახლეობამ, მიწის ფართობის შესაძლო გასხვისების გამო, საპროტესტო აქცია რამდენჯერმე ჩაატარა. აუქციონზე, მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საწყისი ფასი აუქციონზე, 731 ათასი ლარი იყო. გაყიდვის შემთხვევაში, ობიექტზე, სამომავლოდ, სამრეწველო- სასაწყობე მეურნეობის აშენება იგეგმებოდა. საბოლოოდ, აუქციონი ჩაიშალა.