ტურისტის კოვიდ-დაზღვევა სავალდებულო იქნება
ტურისტის სავალდებული დაზღვევა აუცილებელი იქნება, მათ შორის კოვიდის კომპონენტიც, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე უკვე მომზადებულია ცვლილებები, რომელიც უწყებათშორის საბჭოს უნდა წარედგინოს.
„შემოსულ ტურისტს კოვიდი თუ დაუდასტურდება, ყველა კომპანია თავის პარტნიორებს აფრთხილებს, რომ ტურისტები უნდა იყვნენ შესაბამისად დაზღვეული, სადაც იქნება კოვიდ დაზღვევის კომპონენტი. შესაბამისმა დაზღვევამ უნდა აანაზღაუროს ეს მკურნალობა. ამაზე ჯანდაცვას წარდგენილი აქვს ცვლილებები შესაბამის დადგენილებებში და ვფიქრობ, ეს დროულად იქნება მიღებული. ანაზღაურების საკითხი მიბმული იქნება იმ სავალდებულო სადაზღვევო კომპონენტზე, რომლითაც აღჭურვილი უნდა იყოს ტურისტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება საქართველოში დაინფიცირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ინფიცირების გამოვლენის შემთხვევაში ტურისტი გადავა იზოლაციაში, მათ შორის კოვიდ-სასტუმროში, ხოლო თუ სჭირდება სტაციონარი, სტაციონარში და ა.შ.
„რაც შეეხება მკურნალობის ანაზღაურებას, ამას უზრუნველყოფს სადაზღვევო კომპონენტი, რომელიც უნდა ჰქონდეს ტურისტს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ქართულმა სადაზღვევო კომპანიებმა ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართეს, ტურისტებისთვის სადაზღვევო პაკეტის შეთავაზების საკითხზე, თუმცა ისინი ამ დრომდე უწყებისგან პასუხს ელოდებიან.