ახალი ამბები

ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა შესაძლოა პატიმრობით დასჯადი გახდეს

ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა შესძლოა პატიმრობით დასჯადი გახდეს.

ინიციატივა ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის ეკუთვნის და ის რომელიც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს, პარლამენტში ბიუროს უახლოეს სხდომაზე დაინიცირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 116-ე მუხლი იცვლება. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მართვისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა.

ასევე, მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს, მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმებისა 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდისა.

ალეკო ელისაშვილი “რუსთავი 2-თან” საუბრის დროს აღნიშნავს, რომ გასულ წელს ავარიების უმრავლესობა სწორედ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირების გამო მოხდა და ამიტომ ეს ინიციატივა აუცილებელი და დროულია.

შსს-ს ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში ავტოავარიების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა.