სოფელ ბაბანეურში სიმპოზიუმ- ფესტივალი გაიმართა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში სიმპოზიუმ-ფესტივალი გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას ორგანიზატორებმა გააცნეს სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის ნომინაცია UNESCO-ში და წარუდგინეს პრეზენტაცია რეგიონის შემდგომი თანამონაწილეობრივი განვითარების შესახებ.
ფესტივალეზე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ყველა ჩართულ მხარეს, კახეთის რეგიონისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის ინიცირებისათვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიოსფერული რეზერვატი დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და რეგიონში განვითარების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. გარდა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა, ჩვენს რეგიონში არსებული დაცული ტერიტორიები უფრო ცნობადი გახდება, მათ სიახლოვეს ან ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობა მიეცემა”– აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.
ფესტივალის ფარგლებში გეგმარებითი ბიოსფერული რეზერვატებიდან ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-ბაზრობა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ბიოსფერული რეზერვატების შესახებ მომზადებული ინფორმაციის წარდგენა გაიმართა.