თელავში ახალი სასტუმრო ,,შატო ართ ვაინი” გაიხსნება
სასტუმრო მენეჯმენტის კომპანია „ფლიქს ჯგუფი“ ივნისში, კახეთში ახალ სასტუმროს ხსნის.
სასტუმრო „შატო ართ ვაინი“ კახეთში, თელავთან ახლოს, კერძოდ კი სოფელ ართანაში მდებარეობს. კონცეფცია აერთიანებს ქართული ტრადიციული სამზარეულოს და ღვინის წარმოების ისტორიას, რომელიც ინტეგრირდება თანამედროვე ინტერიერში. სასტუმრო ოთხვარსკვლავიანია და მოიცავს 32 ნომერს.
„შატო ართ ვაინი“ აერთიანებს მარანს, რესტორანს, ტერასას, ბარს, მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ საკონფერენციო დარბაზს, ღია საცურაო აუზს და საუნას. ნომრის ღირებულება საუზმით 2 პერსონაზე საშუალოდ 240 – 360 ლარამდე განისაზღვრება.
სასტუმრო აწარმოებს ღვინოს სახელწოდებით „შატო ართ ვაინი“, რომელიც ექსკლუზიურად სასტუმროს დამსვენებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.