ლაგოდეხში ეგზოტიკური ხილის კომპოტისა და ჩირის წარმოება იწყება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული ,,ლოლაძეების ფერმა” ეგზოტიკური ხილის კომპოტისა და ჩირის წარმოებას იწყებს.
ფერმის დამფუძნებელი, ლაშა ლოლაძე განმარტავს, რომ საქართველოში ასეთი პროდუქცია არ არსებობს, თუმცა ამერიკაში ძალიან პოპულარულია. ლაშას თქმით, ეგზოტიკური ხილი კერ-ჯერობით მცირე რაოდენობით მოყავთ. იმ შემთხვევაში თუ გაყიდვის პრობლემა შეექმნებათ, ისინი ჩირის დამზადებას და პროდუქციის ისე გაყიდვას გეგმავენ.
„თუ ჩვენი ეგზოტიკური ხილი ცოცხლად არ გაიყიდება, სათადარიგო გეგმად გვაქვს გადავიდეთ მისგან კომპოტისა და ჩირის დამზადებაზე. საქართველოში ასეთი პროდუქცია არ არსებობს, თუმცა ამერიკაში ძალიან პოპულარულია,“ – აცხადებს ლაშა ლოლაძე.
მისი განცხადებით, პანდემიის პერიოდში, ისეთ ეგზოტიკურ პროდუქტებზე როგორებიცაა მინი კივი, პეპინო, კივანო და ოკრა მოთხოვნა შემცირდა. ლაშა ლოლაძე აცხადებს, რომ პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირების მიზეზი პენდემიის შედეგად შეჩერებულ ტურიზმია.
„2020 წლის შემოდგომამდე ეგზოტიკური პროდუქტები იმაზე დიდი რაოდენობით გავყიდეთ, ვიდრე 2019 წელს, თუმცა შემდგომ გაყიდვები გაჩერდა. მინი კივზე, პეპინოზე, კივანოსა და ოკრასაზე ძირითადი მოთხოვნა უცხოელი ვიზიტორებისგან მოდიოდა, პანდემიამ კი სრულიად შეგვაფერხა“ .
,,ლოლაძეების ფერმა“ საქართველოს ბაზარზე ეგზოტიკურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს უკვე 5 წელია აწარმოებს. ფერმაში წარმოებული სხვადასხვა პროდუქცია მსხვილ სუპერმარკეტებში იყიდება. ლაშას თქმით, ამ დროისთვის ისინი მინი კივს, ოკრას, პეპინოს, კივანოს და ფიზალისს აწარმოებენ. მალე კი ქართულ ბაზარზე მექსიკური შავი სიმინდის გაყიდვასაც აპირებენ.
,,პანდემიის გამო ხალხის მსყიდველუნარიანობა იმდენად დაეცა, რომ შესაძლოა ეგზოტიკური ხილის ერთწლიანი კულტურები მომავალ წელს აღარ მოვიყვანოთ. ახლა ძირითადად ჩვენი ეგზოტიკური ხილის, განსაკუთრებით მინი კივის ნერგების მიწოდებაზე ვართ ორიენტირებული და მაგაზე გვაქვს აქცენტი. ეს ნერგები ყინვაგამძლეა და ძალიან კარგად უმკლავდება ტემპერატურის ცვლილებას,“ – ამბობს ლაშა ლოლაძე.
„ლოლაძეების ფერმის“ მეპატრონემ ლაგოდეხის ცენტრში რესტორანი „ლა ცენტრი“ გახსნა, სადაც ასევე ეგზოტიკური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისგან შემდგარი მენიუ იქნება.