ქალაქ წნორის მოსახლეობა საძოვრების აუქციონზე გატანას აპროტესტებს
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში საძოვრების აუქციონზე გატანას აპროტესტებენ.
ადგილობრივები დღეს ქალაქში შეიკრიბნენ და ეკონომიკის სამინისტროს 80 ჰექტარი მიწისთვის საძოვრის სტატუსის დაბრუნება და აუქციონის შეჩერება მოსთხოვეს.
” ჩვენ მესაქონლეობით ვართ დაკავებული და თავს ამით ვირჩენთ. საძოვარი თუ არ გვექნება, შიმშილით დავიხოცებით. ვითხოვთ მიწას საძოვრის სტატუსი დაუბრუნონ” – განაცხადა აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ.
ადგილობრივების თქმით, მათ რამდენჯერმე სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასაც მიმართეს.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, მადონა ბატიაშვილის განმარტებით, მერია საკითხის შესწავლაში ჩაერთვება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოსთან მდებარე 80 ჰექტარი მიწა, აუქციონზე გასაყიდად უკვე გამოტანილია და ვადა 17 მაისს იწურება.
საძოვრის სტატუსი მიწას, საჯარო რეესტრმა, 2021 წლის 23 აპრილს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე შეუცვალა.