სოფელ ახალსოფელში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ი.ყ დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი ნაცნობი – 1982 წელს დაბადებული მ.პ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
შსს-ს ინფორმაციითვე, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ი.ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ყვარლის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 7- 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.