საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 83 ათასი ბენეფიციარით გაიზარდა და მან 2021 წლის მარტში 541,000 ბენეფიციარს პირველად გადააჭარბა.
სააგენტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობას სულ 151 ათასი ოჯახი იღებს, ამ ოჯახებში მაცხოვრებელთა რაოდენობა კი საქართველოს მოსახლეობის 14.5%-ს შეადგენს. სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა განსაკუთრებული ტემპით ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად გაიზარდა.
სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, მარტის განმავლობაში სოციალური შემწეობის სახით სულ 30.15 მილიონი ლარი დარიგდა, რაც ერთ ბენეფიციარზე თვეში 56 ლარს შეადგენს.
საქართველოში აბსოლუტური და ფარდობითი სიღარიბის სტატისტიკას საქსტატი ითვლის, თუმცა უწყებას 2020 წლის სიღარიბის ამსახველი ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია. თუმცა სავარაუდოდ COVID-19-ის კრიზისის შედეგად ქვეყანაში სიღარიბე რეკორდული ტემპით არის გაზრდილი.