კახეთში ,,სინოფარმის” ვაქცინით აცრის პროცესი დაიწყო
კახეთის რეგიონში ,,სინოფარმის” ვაქცინით აცრის პროცესი დაიწყო.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, რეგიონში სინოფარმით ვაქცინაცია მხოლოდ ახმეტის მუნიციპალიტეტში ვერ დაიწყება.
მისივე თქმით, მიზეზი შესაბამისი ინფრასტრუქტურის უქონლობაა, რომელიც საავადმყოფოში ჯერ მოწყობილი არ არის. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციითვე, ახმეტაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
“სინოფარმით ვაქცინაცია ყველგან დაიწყო ახმეტის გარდა, რადგან იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ვაქცინაციაზე აქტიურობა კახეთში საკმაოდ მაღალია. მაგალითად, თელავში, საგარეჯოსა და გურჯაანში ყველა ადგილი შევსებულია. 13 საათისათვის უკვე 29 ადამიანი იყო აცრილი და არც ერთი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ვაქცინა ერთდოზიანია, ამიტომ ერთმანეთის ლოდინი აცრის მსურველებს არ უწევთ”- განაცხადა ხიზანიშვილმა.
ვაქცინაციაში მონაწილეობის მსურველთა შესაბამის პორტალზე, თელავის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ადგილები 26 მაისამდეა შევსებული.