მთავრობა 2021 წლის რთველის სუბსიდირებას გეგმავს
საქართველოს მთავრობა 2021 წლის რთველის სუბსიდირებასაც გეგმავს. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა.
სუბსიდირების მოსამზადებლად გამოცხადდა 3.5 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა, რომლითაც მთავრობა ყურძნის ტექნიკური პარამეტრის – შაქრიანობის მზომავი დანადგარების შეძენას აპირებს. როგორც შესყიდვის განმარტებაში არის ნათქვამი, წინა წლებში სუბსიდირებული ყურძნის ხარისხი არ კონტროლდებოდა, წელს კი მასში შაქრიანობის გაზომვა იგეგმება, რისთვისაც 3.5 მილიონი ლარის ღირებულების დანადგარების შეძენაა აუცილებელი.
2020 წლის რთველში საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო ზომის – 104 მილიონი ლარის პირდაპირი სუბსიდია გასცა. მთლიანობაში ამ 104 მილიონი ლარით სახელმწიფომ ყურძნის მთლიანი მოსავლის 1/3 შეიძინა.
რთველის სუბსიდირება პირდაპირი შესყიდვის გზით ხდება – მთავრობის საკუთრებაში არსებული ღვინის ქარხნები ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით მევენახეებისგან ყიდულობენ ყურძენს. ეს ქარხნები ამ ყურძენს გადაამუშავებენ და მისგან სპირტს და ღვინო-მასალას აწარმოებენ; პროდუქცია საწყობდება, რასაც მთავრობა შემდეგ საბითუმო ბაზარზე ყიდის. სპირტს და ღვინო-მასალას ღვინის და კონიაკის კერძო მწარმოებლები ყიდულობენ.
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია მითითებული, ყურძნის ბაზარზე ბოლო წლებში ჭარბი წარმოებაა. სწორედ ამიტომ პირდაპირი სუბსიდირება აუცილებელია, რათა ბაზარზე ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს.
“2020 წელს საქართველოში ინდუსტრიულად გადამუშავდა დაახლოებით 290 ათ. ტ. ყურძენი, რაც სარეკორდოა ბოლო 30 წლის მანძილზე. თუმცა, სრულად მათი სამრეწველო გადამუშავება, კერძო კომპანიების მხრიდან მცირე მოთხოვნიდან გამომდინარე ვერ ხორციელდება. რის გამოც სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ღვინის კომპანიის მიერ ხორციელდება ჭარბი ყურძნის მიღება-გადამუშავება (2020 წელს სს „აკურას“ და შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ მიერ გადამუშავდა 90 ათას ტონამდე ყურძენი). იმისათვის, რომ 2021 წლის რთველი ორგანიზებულად იქნეს ჩატარებული და ერთის მხრივ ჭარბი მოსავალი არ დარჩეს გადაუმუშავებელი, ხოლო მეორეს მხრივ ყურძნის ფასი განისაზღვროს მისი ხარისხისა და კონდიციურობის გათვალისწინებით, საჭიროა შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ ყურძნის მიმღები პუნქტები აღიჭურვოს ყურძენში ავტომატური შაქრის მზომის დანადგარებით.
ბოლო წლებში რთველში მონაწილეობს 300-მდე ღვინის კომპანია და 25 ათასამდე მევენახე. რთველი მნიშვნელოვანია ღვინის წარმოებისთვის, რომელსაც ქვეყნის ექსპორტის მოცულობაში დიდი ადგილი უჭირავს, ასევე მევენახეებისთვის, რომელთათვის ყურძნის მოსავლიდან მიღებული შემოსავალი ძირითად საარსებო წყაროს წარმოადგენს”- ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.
რთველის სუბსიდირების არსებული მოდელი 2017 წლიდან მოქმედებს.