სოფელ ბოდბეში მცხოვრები ოჯახი ცრუ ბრალდებისთვის საჯარო სკოლის პედაგოგის დასჯას ითხოვს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეში მცხოვრები ოჯახი, ცრუ ბრალდებისთვის საჯარო სკოლის პედაგოგის სამსახურიდან გაშვებას ითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, პედაგოგმა საფულე დაკარგა, რის გამოც სკოლაში ხმაური ატეხა, ფულის მოპარვაში ერთ- ერთი მოსწავლე დაადანაშაულა, თუმცა დაკარგული თანხის ოდენობა არ დაუსახელებია. მოსწავლე, რომელზეც კლასის დამრიგებელმა პედაგოგმა ეჭვი მიიტანა, სოციალურად შეჭირვებული ოჯახიდანაა.
მასწავლებლის ბრალდების და სახლის ჩხრეკის შემდეგ, დაშინებული მოზარდი მთელი დღის განმავლობაში გაუჩინარდა და მას პოლიციის დახმარებით მიაგნეს.
არსებული ინფორმაციით, დაკარგული საფულის ძებნაში სამართალდამცავების ჩართვისა და სკოლაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების ნახვის შემდეგ, გაირკვა, რომ პედაგოგს სკოლაში ფული არ დაუკარგავს.
მოსწავლის ოჯახი მასწავლებლის სკოლიდან დათხოვნასა და მის დასჯას ითხოვს. სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი ფაქტს ადასტურებს და აცხადებს რომ აღნიშნული პედაგოგი კლასის დამრიგებლის პოზიციიდან გათავისუფლებულია და საქმის შესწავლა სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დაიწყო.
“დიახ, მოხდა ეს ფაქტი სკოლაში. საქმის შესწავლა სკოლის დისციპლინური კომიტეტმა დაიწყო. საქმეში ჩართულია პოლიციაც, მოსწავლეც შეშინებული იყო, ახლა კარგადაა. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და თავზე ხელს არავის გადავუსვამთ”,-განაცხადა ბეჟაშვილმა.
თავად პედაგოგი და დისციპლინური კომიტეტის წევრები მომხდარ ფაქტზე, კომენტარს არ აკეთებენ.