დედოფლისწყაროში “ფრონტერას” ჭაბურღილიდან ნავთობი შირაქის ველებზე და ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე იღვრება
ყოფილი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ დედოფლისწყაროში ნაზარლების N2 გაჩერებული ჭაბურღილიდან ნავთობი იღვრება და შირაქის ველებზე და ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე მიედინება.
მისივე თქმით, ჭაბურღილი კომპანია “ფრონტერას” საკუთრებაა და დაღვრილი ნავთობი თითქმის ვაშლოვანის ნაკრძალამდე მიდის.
“ეს არის ნაზარლების მე-2 ჭაბურღილი, რომელიც არის ”ფრონტერას” ტერიტორია. ჭაბურღილი გაჩერებულია, მაგრამ ამის მიუხედავად წნევით იღვრება ნავთობი და ჩადის ქვემოთ ნათესებში. როგორც გარემო ნადგურდება, ისე ნადგურდება ის სიმდიდრე, რომელიც ქვეყანას გააჩნია. შეიძლება მცირედი, თუმცა ნავთობის სახით. ეს არის კატასტროფა. ვაშლოვანის ნაკრძალამდე არხით მიდის. ამ საკითხს არც ფრონტერა აქცევს ყურადღებას და არც სახელმწიფო. გარდა ამისა, კომპანიას რამდენიმე თვეა არ გადაუხდია დედოფლისწყაროში მომუშავე თანამშრომლებს ხელფასი”,-ამბობს ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, მიმდებარე ტერიტორიები ნავთობით არის გაჯერებული და ასეთი დედოფლისწყაროში ბევრი ადგილია.
,,სანამ სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ აიღებს და არ გადაწყვეტს, რომ თვითონ გამოიყენოს ის რესურსი რაც ქვეყანას და ხალხს ეკუთვნის, მანამდე გვექნება ესეთი ვითარება. უცხოური კომპანიები ძირითადად ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას ვერც იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ოპერირებენ და ვერც ხალხის მიმართ, რომლებიც მათთან მუშაობენ”,- აცხადებს ნაცვლიშვილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, უყურადღებოდ მიტოვებული ჭაბურღილიდან ამოსული საწვავი, გარემოს ანადგურებს და ნათესებს ერთიანად სპობს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განმარტებით, მათ გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებსა და ნავთობის კორპორაციას, ფაქტის შესახებ, უკვე შეატყობინეს.
“შევატყობინეთ ყველას, ვისაც ამის რეგულირება ავალია. ჩვენ სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტი არ გვაქვს”- განაცხადა ჯანიაშვილმა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, ასევე კომპანია ,,ფრონტერას” წარმომადგენლები ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.
ნავთობპროდუქტების მომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ რამდენიმე წელია, ყოფილი თანამშრომლებიც უჩივიან.
84 ადამიანი, 11 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც თითქმის ერთი მილიონი ლარს შეადგენს.
ფოტო: ნეტგაზეთი
ნახეთ ბექა ნაცვლიშვილის ლაივი ჭაბურღილის მიმდებარე ტერიტორიიდან: