ახალი ამბები

წვრილმანი ხულიგნობის ჩადენასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება

წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაზე, ასევე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა ან ამ პირის შეურაცხყოფაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს, რომელიც ინიცირებისთვის პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გავა.

პროექტით წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

გარდა ამისა, ახალი რედაქციით ყალიბდება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა – სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, სტატისტიკური მონაცემებიდან ნათელია, რომ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ამჟამად მოქმედი სახდელის ზომა ვერ უზრუნველყოფს ამ სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენციას. აღნიშნული სამართალდარღვევები ხელყოფენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მმართველობის წესს.

“მზარდია აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევები. კერძოდ, 2018 წელს 166-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის 4 452 შემთხვევა გამოვლინდა, 2019 წელს კი – 5175. რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, 2018 წელს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის 4761 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2019 წელს – 5801. 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2020 წელსაც.

კერძოდ, 2020 წელს 166-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის 3452 შემთხვევა იქნა გამოვლენილი; 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კი – 4201“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.