უძველესი და ისტორიული სკოლა თელავში
თელავის პირველი საჯარო სკოლა ისტორიული ძეგლია ქალაქში.
იგი დღემდე მოქმედი სასწავლებელია და შემორჩენილი აქვს პირვანდელი სახე.
სასწავლებელი მდებარეობს ერეკლე მეორის სასახლის გალავნის შიგნით.
ისტორიული წყაროებით სკოლა 1758 წელს დაუარსებია ერეკლე II-ს. თავდაპირველად იგი ფილოსოფიური სკოლის სახელს ატარებდა, ხოლო 1782 წელს გადაუკეთებიათ სასულიერო სემინარიად, რომელმაც 1801 წლამდე იარსება.
1808 წელს თელავის სასულიერო სემინარიის შენობაში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი, რომელიც 1917 წელს გადაკეთდა ვაჟთა გიმნაზიად.
აქ სწავლობდნენ ისეთი წარმატებული და ნიჭიერი ადამიანები როგორებიც არიან ვაჟა-ფშაველა, რაფიელ ერისთავი, ნიკო შიუკაშვილი, იროდიონ ევდოშვილი, ლადო მესხიშვილი, კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი, ივანე ბერიტაშვილი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ 1921 წლიდან ვაჟთა პირველი გიმნაზია დღემდე თელავის პირველ საშუალო სკოლად მოიხსენიება და განაგრძობს ნიჭიერი ახალგაზრდების აღზრდას.