ახალი ამბები

თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის კორპუსების გამრიცხველიანების სამუშაოები სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ თელავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოებს ასრულებს.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია აცხადებს, რომ თელავში წყალმომარაგების პროექტის პირველი ფაზა, რომელიც ითვალისწინებდა დაახლოებით 124 კორპუსის გამრიცხველიანებასა და სამი ახალი ჭაბურღილის დამატებას.

,,სამუშაოები დასრულდა და ექსპლუატაციის შესვლის ფაზაშია. ამის შედეგად, წინა წლებთან შედარებით, ჩვენ მივიღეთ მკვეთრად გაუმჯობესებული წყალმომარაგება და გაუმჯობესებული გრაფიკი. ასევე, მიმდინარე წლის ბოლომდე უკვე დავიწყებთ ფართომასშტაბიან პროექტს, რომელიც თელავის მოსახლეობისთვის წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს სრულად გადაჭრის და ვფიქრობთ, რომ 2022 წლის ბოლოდან ჩვენ უკვე შეგვეძლება თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა“, – განაცხადა გიგა მანდარიამ.

წყალმომარაგების კომპანიამ ასევე გამოაცხადა ტენდერი თელავის 24 საათიანი წყალმომარაგებისათვის აუცილებელ სამუშაოებზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს მშენებელი კომპანიის შერჩევა-შეფასების პროცედურები.